English / ქართული / русский /
ნინო სამჭკუაშვილი
ციფრული ეკონომიკა: პრობლემები და პერსპექტივები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ციფრული ეკონომიკის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე და განსაზღვრულია ციფრული ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები. გაკეთებულია მსოფლიოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმოხილვა, გამოვლენილია რისკები და საფრთხეები, რომელიც შესაძლოა მოიტანოს ციფრულმა ეკონომიკამ და მოცემულია მათი დაძლევის ძირითადი მიმართულებები. როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, ციფრული ეკონომიკის განვითარებით მიღებული სარგებელი განუსაზღვრელია, წარმოადგენს რა ობიექტურ პროცესს,  ბევრ პრობლემასაც წარმოშობს, რომელთა სწრაფად დაძლევაც მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის.

საკვანძო სიტყვები: ციფრული ეკონომიკა, 

შესავალი

ციფრული რევოლუცია    საზოგადოების ცხოვრებას განუსაზღვრელი სიჩქარით და არნახული გაქანებით ცვლის, ამასთან წარმოშობს როგორც უზარმაზარ შესაძლებლობებს, ისე კოლოსალურ სიძნელეებს. ახალ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მდგრადი განვითარების სფეროში მიზნების მიღწევის მიმართულებით. მაგრამ დადებითი შედეგების მიღება არ არის გარანტირებული. იმისათვის, რომ სრულფასოვნად გაიხსნას ციფრული ტექნოლოგიების სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალი და, ამასთან, თავი ავარიდოთ არასასურველ შედეგებს, აუცილებელია რაც შეიძლება უფრო ჩქარა განვამტკიცოთ საერთაშორისო თანამშრომლობა.

ციფრული ეკონომიკის ქვეშ, როგორც წესი, იგულისხმება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან, რეალიზაციასა და მოხმარებასთან ციფრული ტექნოლოგიების, ასევე ელექტრონული კომერციის და ინტერნეტეკონომიკის გამოყენებით. სხვადასხვა ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის სფეროში ზოგიერთი სტარტაპის განსაცვიფრებელი წარმატების შემდეგ და განსაკუთრებით, როდესაც ინტერნეტგიგანტების კაპიტალიზაცია გაუთანაბრდა და შემდეგ გაასწრო ეკონომიკის ტრადიციულ სექტორში მოღვაწე უმსხვილესი საწარმოების კაპიტალიზაციას, ციფრული ეკონომიკის მნიშვნელობა განუზომლად გაიზარდა.

ციფრულ ეკონომიკას ადამიანთა დიდი ნაწილი მიიჩნევს პანაცეად, ხოლო მის დაჩქარებულ განვითარებას კი ყველა პრობლემის გადაწყვეტის საშუალებად. ყოველივე ეს  თავის ასახვას პოულობს სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კვლევებში ციფრული პრობლემატიკის მიმართ დაინტერესების სწრაფ ზრდაზე, მათ შორის გავლენიანი პოლიტიკოსების გამონათქვამებსა და სახელმწიფო მმართველობის დოკუმენტაციაში. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ყველა ავადმყოფობისაგან განსაკურნებელი წამალი არ არსებობს, ასევე თანამედროვე მსოფლიოში ციფრული ეკონომიკაც ვერ გახდება პანაცეა. მისი განვითარება განხილული უნდა იყოს სხვადასხვა ტრანსფორმაციასთან კონტექსტში, რომელსაც განიცდის თანამედროვე საზოგადოება და ეკონომიკა. ამისათვის კი უფრო დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი მისი თვისებები, ასევე სამეურნეო პრაქტიკაში მისი ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები.

ახალი ტექნოლოგიები, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტი, დაკავშირებულია შრომის ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებთან, ეკონომიკის ერთ სექტორში სამუშაო ადგილების შემცირების და მეორე სექტორში კი მასობრივ მასშტაბებში, მისი ზრდის ჩათვლით. ციფრული ეკონომიკა მოითხოვს სხვადასხვა სახის ახალ ცოდნასა და ხერხებს, სოციალური დაცვის პრინციპულად ახალ ღონისძიებებს და ხარისხობრივად ახალ თანაფარდობას სამუშაოსა და დასვენებას შორის. აუცილებელია მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა განათლების სისტემის განვითარებისათვის, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ სწავლის პროცესზე, არამედ აღნიშნული პროცესის ორგანიზაციის მეთოდების შესწავლაზე, ასევე, მთელი ცხოვრების მანძილზე, საგანმანათლებო მომსახურებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.

 ***

მსოფლიო ბანკის განმარტებით, ზოგადად, ციფრული ეკონომიკა - ეს არის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების სისტემა, რომელიც ეფუძნება ციფრული საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას [Ефимушкин В.А. и др. 2017: 16].

სწრაფად გავრცელებადი ციფრული ტექნოლოგიები გარდაქმნის ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის მრავალ სახეს. მაგრამ, მზარდი ციფრული გარღვევა ქმნის  განვითარებადი ქვეყნების უფრო მეტად ჩამორჩენის საშიშროებას, განსაკუთრებით მათ შორის შედარებით ნაკლებად განვითარებულებისათვის. ციფრული სექტორის განვითარების სტრატეგიის  და მომავალი გლობალიზაციის კონტურების გასააზრებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა.

ციფრული ეკონომიკის პრობლემატიკა და ამოცანები, რომლებიც ამ მიმართებით დგება ბიზნესის, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, გამოწვევები, წარმოშობილი ციფრული ეკონომიკით და მის მიერ მოცემული განვითარების დაჩქარების შანსი სპეციალისტების წრეებში, წარმოადგენს ინტენსიური გააზრებისა და კვლევის ობიექტს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ციფრული ეკონომიკის ურთიერთკავშირების ანალიზზე, რომელიც ეყრდნობა მე-4 სამრეწველო რევოლუციის რადიკალური ინვესტიციების კომპლექსს და საწარმოო პოლიტიკის მოდერნიზაციის ამოცანას.

ციფრული საზოგადოება,  თავისი არსით ეფუძნება რადიკალურ ინოვაციებს - ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ, ინსტიტუციურ, სოციალურ და სხვა სფეროებში. იგი აყენებს ბევრ მნიშვნელოვან თემას. პირველ რიგში მათ რიცხვს მიეკუთვნება საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად დაცულია ადამიანების პირადი მონაცემები. ისმება კითხვა,  ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას ხომ არ მივყავართ ციფრული მონოპოლიების დამკვიდრებამდე, ასევე, ამ ტექნოლოგიების განვითარების პირობებში შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო სტრუქტურების და საერთაშორისო სოციალური ქსელების მხრიდან პიროვნებაზე და მის პირად მონაცემებზე ტოტალური კონტროლის განხორციელება, თუ პირიქით, მის ჩარჩოებში იქმნება ხელსაყრელი პირობები ციფრული დემოკრატიისათვის ადამიანის მიმდინარე რადიკალური გარდაქმნების აქტიურ მონაწილედ ქცევით.

ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი და პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა იქნება საჭირო,  მრავალი კუთხით ხასიათდება, მათი გააზრება მოითხოვს ღრმა კომპლექსურ  კვლევებს.

ციფრული კომპანიები იყოფა 4 ჯგუფად: ინტერნეტპლატფორმების მწარმოებლები; ციფრული გადაწყვეტილებების მიმწოდებლები; კომპანიები, რომლებიც დაკავებულნი არიან ელექტრონული ვაჭრობით და ციფრული კონტენტის მწარმოებლები. ამ ჯგუფებიდან პირველ ორს შეგვიძლია ვუწოდოთ სრულად ციფრული კომპანია, ვინაიდან მათ ბიზნეს-მოდელში ცენტრალური ადგილი უკაცია ინტერნეტს და ისინი სრულად მუშაობენ ციფრულ სფეროში. ინტერნეტპლატფორმები მოიცავს საძიებო სისტემებს, სოციალურ ქსელებს და სხვა პლატფორმებს. კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ციფრული გადაწყვეტილებების მიწოდებით, შეგვიძლია მივაკუთვნოთ ისინი, რომელთა საქმიანობა მდგომარეობს ვებსივრცის და ელექტრონული ფოსტის მომსახურებაში, ელექტრონული და ონლაინ გადასახადების ორგანიზებაში, ასევე ბიზნესის მართვისათვის ციფრული გადაწყვეტილებების მიწოდებაში (იხ. ნახ. 1).

 

ნახ. 1. ციფრული ტრანსნაციონალური კორპორაციების კლასიფიკაცია 

ციფრული კორპორაციების შემდეგი ორი ჯგუფი თავის საქმიანობაში იყენებს შერეულ ბიზნესმოდელებს, ძირითადი ციფრული ბიზნესის გარდა ასევე გამოყენებულია ფიზიკური კომპონენტიც, რომელიც ხელს უწყობს, პირველ რიგში, საქონლისა და მომსახურების ფიზიკურ მიწოდებას. ელექტრონული კომერციის კომპანიები წარმოდგენილნი არიან ონლაინპლატფორმით, რომლებიც უზრუნველყოფს კომერციულ ტრანსაქციებს, ინტერნეტმაღაზიებისა და მოგზაურობის ონლაინსააგენტოებს.

ციფრული ეკონომიკის ფორმირება წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს როგორც თანამედროვე ბიზნესსამყაროს ლიდერების, ასევე მთლიანად ქვეყნების კონკურენტუნარიანობის დონეს. ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ  ლიდერებს  ტექნოლოგიების შემუშავებისა და ციფრული ეკონომიკის ინსტრუმენტების გამოყენების მხრივ, როგორც წესი, გამოირჩევიან მაღალი კონკურენტუნარიანობით და მდგრადი განვითარებით. ამ მოსაზრების  მოვიყვანთ იმ ქვეყნების შედარებას, რომლებიც კონკურენტუნარიანობის გლობალური რეიტინგის ლიდერების რიცხვში (2017-2018), და დიგიტალიზაციის და მდგრადი განვითარების მსოფლიო რეიტინგებში არიან. მათგან ბოლო - მდგრადი განვითარება აერთიანებს ეკოლოგიურ სოციალური და ეფექტიანი ხელმძღვანელობის ინდიკატორებს [Schwab K. 2018: 3-7].

ქვეყნების კონკურენტუნარიანობის რეიტინგის გათვლის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს გლობალური ციფრული კონკურენტუნარიანობის რეიტინგი, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ბიზნესსკოლა IMD(იხ. დიაგრამა 1) [IMD. 2019: 26].

 

 დიაგრამა 1. გლობალური ციფრული კონკურენტუნარიანობის რეიტინგი

წყარო: დიაგრამა შედგენილია IMD-ის მონაცემებზე დაყრდნობით [IMD. 2019: 26]. 

როგორც დიაგრამიდან ჩანს, გლობალური ციფრული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში პირველ ადგილზეა აშშ, მას მოჰყვება სინგაპური და შვედეთი. ზოგადად, ამ რეიტინგში 2019 წელს შევიდა 63 ქვეყანა და მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებასა და ბიზნესსტრუქტურებს  დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ სიტუაციის გამოსასწორებლად.

მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება ციფრული კომპანიების რაოდენობა, რომლებიც შედიან არაფინანსური ტრანსნაციონალური კორპორაციების ტოპ-100-ში და  რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება მსოფლიო ინვესტიციების შესახებ UNCTAD-ის ანგარიშში. ეს რეიტინგი დება კომპანიების უცხოური აქტივების მოცულობების შეფასების საფუძველზე. ამ რეიტინგში შედის 21 მაღალტექნოლოგიური და 11 ტელესაკომუნიკაციო კორპორაცია. ამასთან, 2012 წლიდან მათი რიცხვი ორჯერ და მეტად გაიზარდა (იხ. დიაგრამა 2) [PwC. 2019: 19].

 

დიაგრამა 2. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ტოპ 10

საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით (მილიარდ დოლარებში)

წყარო: დიაგრამა შედგენილია სააუდიტორო კომპანიის PricewaterhouseCoopers-ის მონაცემებზე დაყრდნობით [PwC. 2019: 19].

 

ყველაზე ძვირ კომპანიების ტოპ-10 სათავეში უდგას Microsoft – ი, იგი არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ტრანსნაციონალური კორპორაცია. მეორე ადგილზეა კომპანია Apple, რომელიც არის ამერიკული ტრანსნაციონალური კორპორაცია და აწარმოებს სმარტფონებს, პლანშეტებს, კომპიუტერებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას. მესამე ადგილი მყარად უკავია კომპანია Amazon-ს, იგი წარმოადგენს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ონლაინ გაყიდვებზე. მეოთხე ადგილი უკავია Alphabet-ს და წარმოადგენს ტექნოლოგიური კომპანიის Google-ს დედა კომპანიას. ხოლო მეხუთე ადგილი  საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ს. როგორც ვხედავთ ყველაზე ძვირი კომპანიების 2019 წლის რეიტინგის ტოპ 10-ში მოხვდა 6 ციფრული ტრანსნაციონალური კორპორაცია.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო წარმოებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ტრანსნაციონალური კორპორაციების წვლილი, რომლებიც მუშაობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. ეს კომპანიები იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა დარგებში მოღვაწე კორპორაციები. მათი აქტივები გაიზარდა 65%-ით, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 30%-ით, იმ დროს, როდესაც სრულ სტაგნაციაშია  სხვა სფეროებში მომუშავე კორპორაციები.

შეიმჩნევა ციფრული კომპანიების კონცენტრაცია რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში. კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანიების 75%, რომლებიც მოხვდნენ ახალ რეიტინგში, ძირითადად განთავსებულნი არიან სამ ქვეყანაში. 100 ციფრული ტრანსნაციონალური კორპორაციიდან 63 განთავსებულია აშშ-ში, მას მოჰყვება დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის  კორპორაციები. ასეთი კონცენტრაცია უფრო მეტად გამოხატულია ინტერნეტპლატფორმების შემთხვევაში: ყოველი 11-დან 10 განთავსებულია აშშ-ში. მსხვილი ციფრული კომპანიების ყოფნა განვითარებად ქვეყნებში უმნიშვნელოა, 100-დან მხოლოდ ოთხი არის განთავსებული ამ ქვეყნებში. კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ასეთი კომპანიების ფილიალების მნიშვნელოვანი რაოდენობა განლაგებულია  მათი შტაბბინების განთავსების ქვეყნებში. ასე მაგალითად, ციფრული ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და მათი შვილობილი კომპანიების ორი მესამედი იმყოფება აშშ-ში. ასევე 100 უმსხვილესი ციფრული ტრანსნაციონალური კომპანიების ფილიალების მხოლოდ 13%-ია განთავსებული განვითარებად ქვეყნებში[World Investment Report 2019].

ციფრული კორპორაციები ხშირად ითვლება ნაკლებად რთულ, ორგანიზაციული სტრუქტურის მხრივ უფრო მოქნილ კომპანიებად, ვიდრე ტრადიციული კორპორაციები. ასეთი კორპორაციების ანალიზით თუ ვიმსჯელებთ (მაგალითად, Alphabet, Apple, Microsoft), ეს შეიძლება ძირითადად დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ ისინი  არიან ახალგაზრდა კომპანიები და ვერ მოასწრეს თვისი საკუთრების ჯაჭვის იმ დონეზე განვითარება, როგორც ტრადიციულმა კორპორაციებმა. მაგრამ ნათელია ისიც, რომ ციფრული კომპანიები არ იყენებენ უფრო რთულ ელემენტებს, ვიდრე ტრადიციულები, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ კერძო კონფრონტაციას მათსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ყველა მასშტაბური მოვლენა, ციფრული ეკონომიკის განვითარება დაკავშირებულია არა მხოლოდ პოზიტიურ შედეგებთან, არამედ სხვადასხვა სახის რისკებსა და პრობლემებთან. მათ წყაროს წარმოადგენს ორი ძირითადი ფაქტორი. პირველი მდგომარეობს ახალი რისკებისა და პრობლემების გაჩენაში, რომელიც ახასიათებს სწორედ ციფრულ ეკონომიკას და ეფუძნება მის ტექნოლოგიურ თავისებურებებს. მეორეც, ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლისას ხდება ინსტიტუციური ტრანსფორმაცია, რომელიც, თავის მხრივ, არ არის დამოკიდებული მის ბუნებაზე და წარმოადგენს ძლიერი დესტაბილიზაციის ფაქტორს მდგრადი და წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

განვიხილოთ ციფრული ეკონომიკის განვითარების რამდენიმე ნეგატიური შედეგი და პრობლემა[Сидоров А.С. 2018. 123}:

  • კიბერდანაშაულის ზრდა. მაგალითად კორპორაცია Microsoft-ის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერების 9%-ზე მოხდა არასანქცირებული შეღწევა.
  • შექმნილი ციფრული ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური მოწყვლადობა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ არასანქცირებული შეღწევები სამთავრობო და კერძო სტრუქტურების ვებგვერდებზე, ფულის არასანქცირებული გატანა კერძო ანგარიშებიდან ჰაკერების მიერ და ა.შ.
  • ტექნიკის სწრაფი მორალური დაძველება და, როგორც ამის შედეგი, მათი უტილიზაციის პრობლემა. თუკი ატომური ნარჩენების უტილიზაცია  საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და დარეგულირებულია საერთაშორისო კონვენციებით, რეგულაციის გარეშეა  ელექტრონული ნარჩენების პრობლემა. ამასთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს მსოფლიოში იწარმოება 100 მილიონი ტონა ელექტრონული ნარჩენი. მათგან მხოლოდ 20%-ის გადამუშავება ხდება ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით. ციფრული ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ მისი ეკოლოგიურად საშიში ეფექტები თანდათან გაიზრდება.
  • ტექნოლოგიური დამოკიდებულების ზრდა უცხოელ მომწოდებლებზე და, როგორც შედეგი, ტექნოლოგიური და ეკონომიკური უსაფრთხოების შესუსტება როგორც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ისე კომპანიების დონეზე.

საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებისათვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს ამ მიმართებით კვალიფიციური კადრების სიმცირე. მაგალითად აშშ-ში IT სპეციალისტების რაოდენობა შეადგენს მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის 2,4%-ს, ხოლო გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში 4,3%-ს. ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვაქვს. აუცილებელია ქვეყანაში გაიზარდოს მაღალკვალიფიციური IT სპეციალისტების რაოდენობა, მაგრამ ამის გაკეთება მექანიკურად შეუძლებელია, აუცილებელია განვითარდეს ამ მიმართულებით განათლების სისტემის ინფრასტრუქტურა, მომზადდეს ახალი პედაგოგები და აშ.

ჩვენ მიერ მოყვანილი და კიდევ სხვა მრავალი რისკი, საფრთხე და პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ციფრული ეკონომიკის განვითარებით, მოითხოვს ღონისძიებების გატარებას მათი განეიტრალებისათვის. სამწუხაროდ, ამის ჩქარა და სახელმწიფო რესურსების ხარჯზე გაკეთება შეუძლებელია. საჭიროა კომპლექსური ძალისხმევა როგორც საჯარო, ისე კერძო რესურსების გამოყენებით. პირველხარისხოვან გადასაჭრელ ამოცანებს შორის უნდა გამოყოს შემდეგი:

  • ციფრულ ეკონომიკაზე ორიენტირებული ბიზნესის შექმნისა და განვითარების სტიმულირება. საქართველოს ხელისუფლებამ კომპანიებს, რომლებიც მოისურვებენ ამ სფეროში მოღვაწეობას, ხელშეწყობის მიზნით უნდა გაუწიოს რიგი დახმარება. მაგალითად, მისცეს გარანტია საბანკო კრედიტის ასაღებად, აუნაზღაუროს პატენტის აღებაზე გაწეული დანახარჯები, მათ შორის საზღვარგარეთ, ჩამოაყალიბოს საინვესტიციო ფონდები ამ მიმართულების დასაფინანსებლად და ა.შ.
  • დამატებითი მხარდაჭერა გაუწიოს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებიც მოღვაწეობენ ციფრული ტექნოლოგიების, პლატფორმების და ციფრული მომსახურების შექმნის სფეროში. ამის მიღწევა შესაძლებელია ამ სფეროში დასაქმებული კომპანიებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებით, ასევე ციფრული ტექნოლოგიებისა და პლატფორმების შემქმნელ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობით და მათი შეკვეთებით უზრუნველყოფის გზით.    
  • ეკონომიკის ძირითადი სფეროებისათვის ციფრული პლატფორმების ფორმირება და განვითარება.  თანამედროვე ეტაპზე საქართველოსა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში არსებობს სახელმწიფო და მუნიციპალური მომსახურების პორტალები, პლატფორმები გადასახადების გადასახდელად, საგადასახადო ორგანოები გადასულნი არიან ელექტრონულ ანგარიშგებაზე და მრავალი სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არსებობს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონებში IT ტექნოლოგიების დანერგვასთან. ამ პრობლემის გადაწყვეტა თვითონ მუნიციპალიტეტებს არ ძალუძს მათი უმეტესობის მცირე და დოტაციური ბიუჯეტის გამო, საჭიროა მათი ამ მიმართულებით მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.
  • უნდა შეიქმნას დარგების რეგიონული და საზოგადოებრივი კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემები. კერძოდ, უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, შემუშავდეს დაცვის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, უზრუნველყოფილ იქნეს გლობალური ციფრული ეკონომიკის ყველა მონაწილეს შორის უსაფრთხო ურთიერთკავშირი. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ უნდა აფერხებდეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ზრდას. საჭიროა გაძლიერდეს ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ინფორმაციის გაცვლა. 

დასკვნა

ამრიგად, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე პირობებში საქართველოში შეინიშნება ციფრული ეკონომიკის ზრდა, ქვეყანა ამ მიმართულებით საკმაოდ ჩამორჩება მსოფლიოში განვითარების საშუალო დონეს. ქვეყნის ციფრული კომპანიების ჩამორჩენის მიზეზი მდგომარეობს ინვესტიციების სიმცირეში. ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს კრაუდფანდინგური პლატფორმები. ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ასევე დადებით გავლენას ახდენს შრომით ბაზარზე. ამას გარდა, ციფრული ტექნოლოგიები ხელს უწყობს მოსახლეობის სოციალურ და ფინანსურ ჩართულობას და ამაღლებენ მათ ხელმისაწვდომობას და ხარისხს მომსახურების მიღებაზე, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: მედიცინა, განათლება, კულტურა, სახელმწიფო და მუნიციპალური მომსახურება. ციფრული ეკონომიკის განვითარება და წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება მოითხოვს მთავრობის, საზოგადოების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების, ასევე ტექნოლოგიური სფეროს ერთობლივ ძალისხმევას. ყოველდღიურად ჩვენ ვხვდებით იმის მოწმენი,  რომ ციფრული ტექნოლოგიები ხელს უწყობს ადამიანის უფლებების გაფართოებას და ქვეყნის მდგრად განვითარებას, მთელი საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. Ефимушкин В.А., Ледовских Т.В., Щербакова Е.Н. 2017. Инфокоммуникационное технологическое пространство цифровой экономики. телекоммуникации и транспорт. 2017. Том 11.№5. С.15-20. https://cyberleninka.ru/article/n/ infokommunikatsionnoe - tehnologicheskoe-prostranstvo- tsifrovoy-ekonomiki (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020).

2. Schwab K. 2018. The Global Competitiveness Report 2018. World Economic Forum. 380 p. Pp. 3-7. http://www3.weforum.org/docs/GCR2017-2018/05FullReport/TheGlobalCompetitivenessReport2017%E2%80%932018.pdf (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020).

3. IMD. 2019. The IMD World Digital Competitiveness Ranking 2019 results. https://www.imd.org/wcc/world-competitiveness-center-rankings/world-digital-competitiveness-rankings-2019/ (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020).

4. PwC. Global Top 100 companies by market capitalization. 2019. https://www.pwc.com/gx/en/audit-services/publications/assets/global-top-100-companies-2019.pdf (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020).

5. World Investment Report 2019 - Investment and New Industrial Policies, United Nations (UNCTAD), New York and Geneva, 2019. https://unctad.org/en/PublicationsLibrary/wir2019_en.pdf (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020).

6. Сидоров А.С. Влияние цифровой технологий на экономику страны. Российский внешнеэкономический вестник. 2018. №8. С.119-128) http://www.rfej.ru/rvv/id/9004BAF9A/$file/119-128.pdf (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020).